მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკში შესაძლოა თავდებად მთავრობა დაუდგეს

საქართველოს მთავრობამ  მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად  ახალი ინსტრუმენტი - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი შექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთვარობა შეძლებს ბიზნესს ბანკში გარანტორად დაუდგეს.
Sputnik

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, იმის გამო, რომ ბანკი არ გასცემს კრედიტს, ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და რჩება ქაღალდზე.

„თუ კომპანიას აქვს კარგი ფინანსური მაჩვენებელი და აქვთ საღი ბიზნესგეგმა, აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს, ჩვენ განვიხილავთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში ჩასართავად, რაც გულისხმობს, რომ კრედიტის 70%, რომელსაც ეს კომპანია მიიღებს, იქნება მთავრობის მიერ გარანტირებული“, – განაცხადა  გიორგი ქობულიამ.

2019 წლის ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესების საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისთვის  20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი მექანიზმი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა ამოქმედდეს.

ვის ჯიბეზე აისახება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტ გიორგი კაპანაძის აზრით, მთავრობის ეს ინიციატივა  ბიზნესს მეტ სტიმულს და შესაძლებლობას მისცემს.

„ბანკი რისკიანად თითქმის ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს მიიჩნევს, რადგან ჩვენთან ეს სექტორი განვითარებული არ არის და თან მათ კონკურენცია მსხვილ ბიზნესებთან უწევს.  შეიძლება უმეტეს შემთხვევაში ბიზნესს ის რისკი, რაზეც ბანკი  ფიქრობს, საერთოდ არ დაუდგეს, მაგრამ ბანკი მაინც  მაქსიმალურად იზღვევს თავს და მისგან  სესხის უზრუნველყოფას მოითხოვს, რომლის შესაძლებლობაც ამ ტიპის ბიზნესებს ხშირად არ აქვს“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

როდესაც სხელმწიფო არის გარანტორი, მაშინ  ბიზნესიც უფრო მეტად მოტივირებულია და ბანკებსაც მეტი საშუალება აქვთ  ისეთი კრედიტები გასცენ, სადაც რისკები მინიმალური იქნება.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს სესხები დაბალ რისკიან ბიზნესებზე გაიცემა, რადგან მაღალრისკიანად ბიზნესებზე ამ სესხის გაცემა კარგ შედეგებს არ მოგვიტანს“, - თქვა გიორგი კაპანაძეს.

ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიო ეკონომიკაში ამ ტიპის ბიზნესებზე ძირითადი წილი მოდის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ბაზრები, სადაც ოლიგოპოლიური ან მონოპოლიური სიტუაციაა და მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი. მე მახსოვს პრემიერის განცხადებაც, რომ სულ 300 კომპანია ავსებს ბიუჯეტის დიდ ნაწილს და ეს ძალიან ცოტაა“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ბაზარზე რამდენიმე  მონოპოლისტი და მსხვილი კომპანია ვერ შექმნის შესაბამის ბიზნეს გარემოს და პირიქით, შესაძლოა დააზარალოს  კიდეც. მცირე და საშუალო კომპანიებს კი შეუძლიათ კონკურენტული გარემო შექმნან, თავადაც განვითარდნენ და მომხმარებელს მომსახურება და პროდუქცია  უფრო დაბალ ფასად შესთავაზონ.

„ერთის მხრივ, ეს ახალი ინიციატივა გარკვეულწილად წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს,  მაგრამ მეორე მხრივ ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იზრუნოს იმისათვის რომ მეწარმეებმა არა თუ ბიზნესის წამოწყება, არამედ მისი შენარჩუნება და განვითარებაც შეძლონ“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

საქართველო Forbes-ის რეიტინგში: პირველი მეზობელ სახელმწიფოთა შორის

მისი თქმით,  კარგი იქნება, თუ მცირე და საშუალო ბიზნესს წვდომა საბანკო პროდუქტების გარდა სხვა ფინანსურ რესურსებზეც ექნება. მაგალითად იმავე საფონდო ბირჟის განვითარების შემთხვევაში ბიზნესი მხოლოდ ბანკებზე დამოკიდებული არ იქნებოდა.

რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტში ამ საქმისთვის გამოყოფილ 20 მილიონს, გიორგი კაპანაძის აზრით, პირველ ეტაპზე  ეს საკმარისი იქნება, თუმცა შესაძლოა ხელისუფლება დადგეს  ფაქტის წინაშე, როდესაც გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება ამ ინიციატივით დაინტერესებული და დამატებითი თანხების მოძიება გახდება აუცილებელი.