იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

დაკავებულებს შორის არის არასრულწლოვანი
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 29 იანვარს სამტრედიაში 25 და 23 წლის ძმებმა, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვდასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ძარცვების სერია ქუთაისში: საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 17 წლის მოზარდი ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, ღამით, სუპერმარკეტი „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა.

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 52 წლის მამაკაცი, რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა.

ბრალდებული წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის არის ნასამართლები. პოლიციამ მოპარული ნივთები: სანადირო თოფი, ჭოგრიტი, სამონადირეო დანები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას თვალისწინებს.