აცრების სტატუსის შესამოწმებლად მშობლებისთვის ახალი აპლიკაცია ამოქმედდა

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 10 ვაქცინას მოიცავს
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. მშობლებისთვის ბავშვთა აცრების სტატუსის შესამოწმებლად  აპლიკაცია  - „იმუნიზაციის აპლიკაცია“ ამოქმედდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 ათასი მოქალაქე აიცრა>>>

მშობლებს საკუთარი და შვილების აცრების სტატუსის შესამოწმებლად შეუძლიათ იმუნიზაციის აპლიკაცია Play Market–დან  და Apple Store-დან გადმოწერონ და მათი მეშვეობით შვილების აცრების გრაფიკი გააკონტროლონ.

აპლიკაციით სარგებლობის წესები შემდეგია:

1. დარეგისტრირდებით პირადი ნომრით და ნახავთ პირად ნომერზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის სტატუსს, რომელიც იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული აქვს პოლიკლინიკას;

2. აცრის დროულად ჩასატარებლად, შეგიძლიათ ნახოთ თუ რომელი აცრა უწევს ბავშვს გეგმიურად;

3. ბავშვის აცრის თაობაზე ინფორმაცია ამ აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებულნი არიან მშობლები და ბავშვისთვის ჩატარებული აქვთ ყველა აცრა;

4. იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში არა არის დარეგისტრირებული თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიმართეთ თქვენს პოლიკლინიკას და მოითხოვეთ ინფომრაციის რეგისტრაცია იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში. 

წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან  ბავშვთა ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები კანონში 2018 წლის შემოდგომაზე მიიღო. ამ ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო გახდა ა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები.

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 10 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები იცრებიან B ჰეპატიტზე, დიფტერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე, წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, პოლიომიელიტზე, როტავირუსულ ინფექციაზე და ა.შ.

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორ წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, ხუთი წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებით 14 მლნ ადამიანი იღუპება, რომელთაგან ნახევარზე მეტი 5 წლამდე ბავშვია.