ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ზუგდიდის კლუბ „ბაიას“ ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. 1 ნოემბერს კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა

სიჭინავას განცხადებით, 2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად არ დარეგისტრირდება. ის ნებისმიერი პარტიისგან მიიღებს შეთავაზებას მხარდაჭერის კუთხით და ამ მიზნით პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს გამართავს.

„დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. უნდა გყავდეს მხარდამჭერი პარტია და მზად ვარ, განვიხილო ყველა ვარიანტი, ოღონდ იმ ხალხთან, რომლებიც ზუგდიდს განიხილავენ არა როგორც პოლიტიკურ მოედანს, არამედ ზრუნავენ ქალაქზე და ფიქრობენ მის განვითარებაზე”, – აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, იგი არ აპირებს პოლიტიკური დავალებების შესრულებას და მერის თანამდებობაზე საკუთარ თავს მოიაზრებს როგორც მხოლოდ მენეჯერს და არა პოლიტიკოსს.

სიჭინავას განცხადებით, პირობითად, მისი წინასაარჩევნო სლოგანი იქნება „გავხადოთ ზუგდიდი საქართველოში ნომერი პირველი ქალაქი”.

ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან 2015 წლის სექტემბერში გადადგა. მან 2017 წელს  ზუგდიდის მერის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღო მონაწილეობა.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება.