შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანებს საქართველოში ბიზნესის წარმართვაში დაეხმარებიან

ახალი „არტ–ინკუბატორის“ მონაწილეები სტარტაპების შექმნას და საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. შემოქმედებით ინდუსტრიაში სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად საქართველოში იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) „არტ–ინკუბატორი“ გაიხსნა.

„არტ–ინკუბატორი“ შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს, შექმნან სტარტაპები, მიიღონ პროფესიონალთა კონსულტაცია, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები და მოახდინონ საკუთარი პროექტების კომერციალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეები საქმიანი ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას შეძლებენ, მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში და ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების სემინარებში.

სტარტაპერების გადაუხდელ კრედიტებს სახელმწიფო დაფარავს

„არტ–ინკუბატორი გახლავთ ის სივრცე, რაც კრეატიული ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება, რომ თავისი შემოქმედებითი უნარები ბიზნეს-უნარებში გარდაქმნან, რათა შემოქმედებითი პოტენციალი ფინანსური და ეკონომიკური სარგებლისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.

„არტ–ინკუბატორმა“ ფუნქციონირება „ქარვასლაში“ განთავსებული „თბილისის კრეატიული ცენტრის“ ბაზაზე დაიწყო. პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ჰენლის ბიზნესის სკოლის (Henley Business School) პარტნიორობით.

„არტ–ინკუბატორის“ პარტნიორია ასევე ბრიტანული ორგანიზაცია Henley Center for Entrepreneurship. „არტ–ინკუბატორის“ მონაწილეებისთვის მან დააწესა კრეატიული იდეების ფესტივალი და ჯილდო ინოვაციური მეწარმეობისთვის.

წლის ბოლოს „არტ–ინკუბატორში“ შედგება კონკურსი, რომლის შედეგად საუკეთესო სტარტაპის ავტორი გამოვლინდება. გამარჯვებული ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.