საქართველოში ავტოავარიების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა

გასულ წელს ლეტალური შედეგით დასრულებული ავტოავარიების რაოდენობა შემცირდა.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. 2018 წელს საქართველოში დაახლოებით 6500 ავარია მოხდა, რომელთა მსხვერპლი 459 ადამიანი გახდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 58-ით ნაკლებია, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

რაც შეეხება დაშავებულებს, შსს-ს მონაცემებით, 2018 წელს ავარიების დროს 9 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 2017 წელს – დაახლოებით 8,5 ათასი.

ამასთან, შსს-ს მონაცემებით, ავტოავარიებში 125 დაღუპული და 2000-ზე მეტი ადამიანი ქვეითად მოსიარულე იყო.

საქართველოში ავტოავარიები გახშირდა >>

უწყების მონაცემებით, ავტოავარიების ნახევარი, დაახლოებით 3200 თბილისში მოხდა. დედაქალაქში მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა 91 და დაშავდა დაახლოებით 3900 ადამიანი.

ავარიების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონები. ამ ორ რეგიონში სულ 693 ავარია მოხდა, დაიღუპა 98 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი.

მესამე ადგილზეა აჭარა, სადაც 2018 წელს მოხდა 590 ავარია, რამაც 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრავმები 814-მა ადამიანმა მიიღო.

ავტოავარიის შედეგად ლილოში ყვითელი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

2018 წელს „ჭკვიანი კამერების“ მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული დაახლოებით 2,4 მილიონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე გავრცელებული იყო გზაზე სახიფათო სიტუაციის შექმნა, ან ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ქმედება – 724,2 ათასი შემთხვევა.

მეორე ადგილზეა მანქანის გაჩერება აკრძალულ ადგილზე – 542 ათასზე მეტი შემთხვევა.

მესამე ადგილზე – გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა (457 ათასი).

მკაცრი ზომები

ბოლო ორი წლის განმავლობაში საპატრულო პოლიცია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას აქტიურად ებრძვის.

საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები 2017 წლის 1 ივლისიდან გაამკაცრეს. მას შემდეგ ქვეყანაში ე.წ. ქულების სისტემა მოქმედებს – მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლი კარგავს მართვის მოწმობას. ამის შემდეგ მან ან ხელახლა უნდა ჩააბაროს გამოცდები, ან დაელოდოს ერთი წლის გასვლას.

2017 წლის ნოემბრიდან საქართველოში ასევე ამუშავდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს და ჯარიმას წერს.