„ცხოვრება თამაშია და ამ თამაშში ყველაფერია შესაძლებელი“ – წიგნი, რომლითაც სწავლა სახალისოა

მიხვდე ფრაზის შენიღბულ აზრს და შეძლო სტრიქონებს მიღმა აზრის კითხვა – ეს ერთგვარი ხელოვნებაა და ამას ცოდნა უნდა.
Sputnik

ინგლისური ენის სპეციალისტი მაია გიორგაძე უკვე ათი წელია დაინტერესებულია ისეთი თემით, როგორიცაა სიტყვების თამაში. სულ ახლახან გამოიცა მისი დამხმარე სახელმძღვანელო „ენობრივი თამაშები“ და კრებული „შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ასი იდიომი“. მათ საფუძვლად დაედო მის მიერვე 2014 წელს დაცული დისერტაცია. ამის შედეგად მას ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 

იმავე წელს სტუდენტების ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე ქალბატონი მაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგი გახდა. როგორც ინგლისური ენის სპეციალისტს, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში. რამდენიმე წლის წინ ექვსი თვის მანძილზე პოსტ-სადოქტორო კვლევაზე იტალიის სალერნოს უნივერსიტეტში იყო მიწვეული.

„ცხოვრება თამაშია და ამ თამაშში ყველაფერია შესაძლებელი“ – წიგნი, რომლითაც სწავლა სახალისოა

– ქალბატონო მაია, თქვენი წიგნის საფუძველი თქვენივე დისერტაციის თემა - „სიტყვათა თამაშის ფუნქცია, სემანტიკა, პრაგმატიკა და თარგმანი“ გახდა?

– სიტყვებისა და ფრაზების გადატანითი მნიშვნელობით გამოყენება, სიტყვებში დამალული აზრების გამოცნობა ბავშვობიდან მხიბლავდა. ჩემი წიგნი “ენობრივი თამაშები“ და მეორე წიგნი „შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ასი იდიომი“ ინგლისური ენის მასალაზე დაყრდნობით აიგო. სიტყვათა თამაშის პრინციპზე აგებული სხვადასხვა აქტივობა შარშან, 2018 წელს, როგორც მასწავლებელ-ტრენერმა, გერმანიაში, ვიადრინას უნივერსიტეტში წარვადგინე. ჩემი აზრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულიც სწორედ თამაშებითა და სწავლების განსხვავებული მეთოდებით მოვიპოვე. 

„ცხოვრება თამაშია და ამ თამაშში ყველაფერია შესაძლებელი“ – წიგნი, რომლითაც სწავლა სახალისოა

– დისერტაციაზე მუშობის დროს რაიმე „აღმოჩენა“ ხომ არ გააკეთეთ?

– ამ თემაზე მუშაობამ მეტად შემაყვარა სიტყვებით თამაში და აღმოვაჩინე, რომ ენას უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია. ერთმა ბგერამ, სიტყვამ და სასვენი ნიშნის გამოყენება–არგამოყენებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს აზრი, დაგაფიქროს და დაგაინტერესოს. დისერტაციაში განხილული მაქვს სიტყვათა თამაშის სხვადასხვა სახეობა და მათი ქვეკატეგორიები, და რაც უფრო ვუღრმავდები ამ საკითხს, მით უფრო ვხვდები, რომ ეს ამოუწურავი ფენომენია. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სულ მალე აღნიშნული მიმართულებით მონოგრაფიასაც შემოგთავაზებთ.

„ცხოვრება თამაშია და ამ თამაშში ყველაფერია შესაძლებელი“ – წიგნი, რომლითაც სწავლა სახალისოა

– კონკრეტულად რას წარმოადგენს თქვენი წიგნი, რა სახის სავარჯიშოები და სასწავლო თამაშებია მასში შესული?

– წიგნი სახალისოდაა აგებული, მასში მოცემულია იდიომის განმარტება, ილუსტრაცია, წარმოშობის ისტორია და მაგალითი. ვფიქრობ, სწავლების პროცესი და სასწავლო მასალა მხოლოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში არ უნდა ჯდებოდეს. მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედი, შეეცადოს  მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებისა თუ მასალის გამოყენებით დააინტერესოს სტუდენტი და განუვითაროს კრიტიკული თუ შემოქმედებითი აზროვნების უნარი. ჩემ პატარა სახელმძღვანელოში LANGUAGE GAMES – Anagram, Acrostic, Alliteration მოცემული სხვადასხვა სახის აქტივობა სხვადასხვა ასაკობრივ  ჯგუფზე და უნარის განვითარებაზეა გათვლილი.

„ცხოვრება თამაშია და ამ თამაშში ყველაფერია შესაძლებელი“ – წიგნი, რომლითაც სწავლა სახალისოა

– რამდენად აადვილებს და საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს სიტყვათა თამაში და ენობრივი თამაშობები?

– რაც შეეხება სიტყვათა თამაშისა და მისი სახეობების დიდაქტიკური თვალსაზრისით გამოყენებას, დასაბუთებითაც შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად შედეგიანი და სახალისოა. ეს სტუდენტებს კრიტიკული და ანალიზური აზროვნებისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. ჩამოუყალიბდებათ დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი და, რაც მთავარია, სასწავლო პროცესი შემოქმედებითად, სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართება. ამას გარდა ისინი გაეცნობიან სიტყვათა თამაშის კატეგორიაში შემავალ არაერთ ლინგვისტურ ერთეულს. მიმაჩნია, რომ თამაშებით სწავლება არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა.

„ცხოვრება თამაშია და ამ თამაშში ყველაფერია შესაძლებელი“ – წიგნი, რომლითაც სწავლა სახალისოა

– შეგიძლიათ თქვათ, რომ სწავლების ამ მეთოდმა გაამართლა?

– ჩემი პირველი ლექცია (და არა მარტო ) ყოველთვის სიტყვათა თამაშით იწყება. ჩვენ ერთმანეთს სიტყვათა თამაშის საშუალებით ვიცნობთ და მთელი წელი ხალისით ვიხსენებთ პირველ შეხვედრას. რადგან სტუდენტებში სიტყვათა თამაში დღემდე ჩემს ასოციაციას იწვევს, ეს ნაწილობრივ იმას ადასტურებს, რომ ამ კუთხით რაღაც გავაკეთე. მიხარია, როდესაც ჩემი სტუდენტები მინიმალური მინიშნებით ხვდებიან ფრაზის შენიღბულ აზრს, რომ სიტყვებსა და სტრიქონებს მიღმა აზრის კითხვა შეუძლიათ. ამას მოწმობს ასევე სტუდენტებით სავსე აუდიტორიაც, ისინი ხშირად თავად იგონებენ და ქმნიან თამაშებს. ეს კი იმას მნიშნავს, რომ მეთოდი მუშაობს, ამართლებს.

„ცხოვრება თამაშია და ამ თამაშში ყველაფერია შესაძლებელი“ – წიგნი, რომლითაც სწავლა სახალისოა

– ცხოვრება არა მარტო სიტყვებით, არამედ, ზოგადად, თამაშია?

– ალბათ ცხოვრება დიდ სცენაზე თამაშია, სხვადასხვა როლის მორგებით... ისე, ინგლისურად ამ ფრაზით ცოტას ვითამაშებ – Life's a Gamble – Life’s a (G)a(M)ble... ჩემი სახელისა და გვარის ინიციალები (G/M) და ფრაზის დანარჩენი შემადგენელი სიტყვების ვარირება იმას გვეუბნება, რომ ამ თამაშში ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება...