შურისძიება დაუმორჩილებლობისთვის თუ ბოლომდე არმიყვანილი საქმე – აგორდა ახალი სკანდალი

შსს იძიებს საქმეს „პირადი ცხოვრების ხელყოფის“ მუხლით, რომელიც უკავშირდება ვიდეოს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის რძლის გარდა არავის უნახავს.
Sputnik

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მივიწყებული ისტორია სამი წლის შემდეგ კვლავ ამოტივტივდა – ამჟამად მიზანში ამოიღეს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან ეკა ბესელია.

განცხადება ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი რაღაც სკანდალური ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში გავრცელების შესახებ გააკეთა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, თანაც პირდაპირ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. 2018 წლის ზაფხულში ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ რიგებიდან თანაპარტიელების, განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კრიტიკისთვის გარიცხეს.

ჭიჭინაძის განცხადების შემდეგ შსს-მ დაიწყო გამოძიება „პირადი ცხოვრების ხელყოფის“ მუხლით, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჭიჭინაძე და მისი რძალი, რომელსაც Facebook-ით გაუგზავნეს ვიდეო ბესელიას შესახებ, პოლიციაში უკვე გამოკითხეს.

შეტევის გაგრძელება?

ეკა ბესელია ბოლო ერთი თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მოსამართლეებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ბესელიამ ყველასთვის მოულოდნელად დეკემბრის ბოლოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რომელსაც 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

„ბესელიას განცხადება გაუგებარია" - ივანიშვილი მოსამართლეების ირგვლივ აჟიოტაჟს აფასებს

სკანდალი მაშინ დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია წარმოადგინა. იუსტიციის საბჭომ მათი დამტკიცება სასწრაფო წესით მოითხოვა, თუმცა ამ სიის წინააღმდეგ გამოვიდა როგორც ოპოზიცია, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

საქმე ისაა, რომ სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ. გადაწყდა საკითხის განხილვის გადადება. მმართველმა გუნდმა, როგორც ამას ბესელია მოითხოვდა, მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების პირობა დადო, რათა მათ ობიექტურობაში ეჭვი არავის შეჰპარვოდა.

ამ პროცესების პარალელურად აგორდა ხმები ბესელიას და მისი მხარდამჭერი დეპუტატების პარტიიდან გარიცხვის შესახებ. ხმებს ამყარებდა ბესელიას ღია დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე კრიტიკა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მისი თქმით, განმარტება, რომელიც ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლისას გააკეთა, გაუგებარი იყო. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადადგომა ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ იგეგმებოდა, რადგან ბესელია პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

მას შემდეგ, რაც პარლამენტში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, ივანიშვილმა სიტუაციის მართვა თავის ხელში აიღო. მან მიაღწია კონსენსუსს დეპუტატებს შორის, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

პირველი რეაქცია

პარლამენტში ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბესელიამ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვიდეო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არის გადაღებული და მისი გავრცელება შეეძლოთ პირებს, რომლებსაც 2016 წელს გახსნილი საქმეების სასამართლო მასალებთან წვდომა გააჩნიათ.

„ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო“, – დაწერა ბესელიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მან მომხდარს „მორალური ტერორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისგან სწრაფ რეაგირებას ელოდება.

ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ვერ მიიყვანა ბოლომდე „ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საქმე“. ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს მან დუმილის დარღვევა და ამიერიდან პრობლემებზე ღიად საუბარი უკვე პარტიის ფარგლებს გარეთ გადაწყვიტა.

გავრცელდა თუ არა ვიდეოჩანაწერი?

ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელება ყველამ არ დაიჯერა.

მაგალითად, 2016 წლის მარტში, როდესაც ქსელში პოლიტიკოსი ქალების მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ორი ვიდეო გაჩნდა, ის ბევრმა ადამიანმა ნახა. კომპრომატის გამავრცელებლების სისასტიკით შოკირებული მოსახლეობა მომხდარს დიდხანს განიხილავდა. გადაღების ორგანიზებისა და ვიდეოს შენახვისთვის რვა პირი დააკავეს, გამავრცელებელი კი ჯერჯერობით თავისუფალია. გამოძიება ახლაც გრძელდება.

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „შერიგების პრეზიდენტი“ >>

„გუშინ საუბრობდნენ, რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის არ უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები. თუმცა მსგავსი რამ ჩემთვის, ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის

აღშფოთება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გამოხატა.

„პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია. საქმე ეხება პარლამენტის წევრს, აქედან გამომდინარე, მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს, რათა სამართალდამცველმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი. თუ „ფეისბუქით“ ხდებოდა ამ ინფორმაციის გავრცელება ან სატელეფონო საშუალებით, მით უმეტეს, ძალიან მარტივი უნდა იყოს გამოძიება. შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ბოლომდე ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიძიონ, ვინ ავრცელებდა ასეთ რამეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად სურს გაიგოს ბესელიასგან, რას გულისხმობდა ის თავის განცხადებაში.

ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინტერნეტ-სივრციდან გავრცელებული მუქარების თემაზე აუცილებელია დისკუსიების გამართვა.

„პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტ-სივრციდან, კერძოდ, არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე საზოგადოების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია“, – დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომპრომატი საქართველოს პოლიტიკოსებზე: საქმის ფიგურანტები თავისუფლები არიან >>

ზურაბიშვილი ერთი თვის წინ გამოვიდა ინიციატივით, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ცილისწამება და შეურაცხყოფა.

სხვა რაკურსი

დავით ჭიჭინაძე რეალურს უწოდებს ბესელიას მტკიცებას იმის შესახებ, რომ გაჟონვა, შესაძლებელია, 2016 წლის საქმის სასამართლო პროცესის მონაწილეების მხრიდან მომხდარიყო.

საქართველოს პროკურატურა სექსუალური სკანდალის საქმეზე უცხოეთიდან პასუხს ელოდება>>>

„ვეთანხმები ქალბატონ ეკას, თუ საიდან შეიძლებოდა გავრცელებულიყო ეს... იცის, რომ ეს ფირი არის იქიდან, სასამართლოში დალუქული ფირია“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე ბესელიას წინააღმდეგ ამგვარი კომპრომატების გამოყენებას მასაც სთავაზობდნენ. თუმცა ვინ სთავაზობდა, მას არ უთქვამს.

„მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს, რომ ბესელიას წინააღმდეგ გამომეყენებინა, მაგრამ მე არ ვიკადრე. მერჩივნა, რომ გავტანჯულიყავი, ჩემი სიმართლე წლების განმავლობაში მემტკიცებინა, როგორც შევძლებდი, ვიდრე ის რაღაცები მეკადრა, რასაც მთავაზობდნენ ბესელიას წინააღმდეგ და მე რომ არ ვიკადრე, ივანიშვილმა იკადრა... ეკა ბესელია მე როგორ მეხატება გულზე, ეს მთელმა საქართველომ იცის, თუმცა, მასთანაც კი ასეთი ბრძოლა არის აღმაშფოთებელი და გულისამრევი“, – განაცხადა ელისაშვილმა.