თბილისში „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

მომიტინგეებმა „ყაზტრანსგაზის“ მენეჯმენტის შეცვლა და კომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა მოითხოვეს
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კომპანია უმოქმედობაში დაადანაშაულა.

თბილისში „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით „ნუ მწამლავ“, „ყაზტრანსგაზი კლავს“, „მოგიწევთ იგრძნოთ პასუხისმგებლობა“. აქციის ორგანიზატორია თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც 2018 წლის ბოლოს „სამოქალაქო მოძრაობა“ დააფუძნა.

ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. 16 იანვარს დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს 8 დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. გულგრილობის ბრალდებით დააკავეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ისინი ამოწმებდნენ ამ სახლს, თუმცა რაიმე გაჟონვა ვერ აღმოაჩინეს.

თბილისში „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია - „ყაზტრანსგაზის“ მენეჯმენტის შეცვლა და ამ კომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა.

„უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, სადაც შევლენ დარგის სპეციალისტები და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც ანგარიშს ჩააბარებს ეს კომპანია“, - განაცხადა ელისაშვილმა აქციაზე.

მისი თქმით, თუ მომიტინგეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

დიდ დიღომში აფეთქების ტრაგიკულმა შედეგებმა ხელისუფლება დააფიქრა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე. ეკონომიკის სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შემუშავებას შეუდგა.

თბილისში „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

დაგეგმილ სიახლეებს შორისაა ახალაშენებულ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორების სავალდებულო მონტაჟი. გარდა ამისა, მრავალსართულიან სახლებსა და ცალკეულ ბინებში გამკაცრდება მოთხოვნები ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟზე და ასევე გაზდანადგარების მოხმარებასთან დაკავშირებით.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის მსხვერპლი 2016-2018 წლებში 86 ადამიანი გახდა, მოიწამლა კი 285.