გორში 9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და მისი და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში 27 წლის მამაკაცი დააკავეს ოჯახში არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოთხი წლის გარდაცვლილი გოგონას დედას პატიმრობა შეეფარდა

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების ცნობით, 9 წლის ბავშვი უდედმამოა და ის ბრალდებულის სახლში ცხოვრობდა.

პოლიციამ ბრალდებული საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და კი სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.