თბილისში ასობით ხე მოიჭრება

თბილისის მერიამ მოსახლეობას მიმართა თხოვნით, ეზოებში ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოჭრას 20 000 ხმობადი და დაავადებული ხე და ბუჩქი, ნათქვამია ქალაქის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ათასობით ახალი ხე დაირგვება >>

პირველ ეტაპზე, 28 იანვრიდან სანიტარული ჭრები ქალაქის ცენტრში ჩატარდება - კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან, შემდეგ კი სხვა რაიონებში გაგრძელდება.

სასტუმრო არ იქნება! თბილისის მერიამ თავისას მიაღწია

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა ხელისუფლებამ დროული ზომები მიიღოს.

„დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვები ამ  სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში არ იყო გაშენებული, რის გამოც, 1997-1998 წლებიდან მათი ინტენსიური ხმობა დაიწყო. ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

აღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ფიჭვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ეკოლოგიური პირობები დაირღვა, რამაც ფიზიოლოგიური პროცესებისა და გამძლეობის დაქვეითება განაპირობა.