ბრძოლა დანაშაულთან: მადრიდი თბილისთან თანამშრომლობით კმაყოფილია

მადრიდში განიხილებოდა საქართველოს და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დარღვევის პრობლემა
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მადრიდში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს ორივე ქვეყნის მართლმსაჯულების ორგანოების თანამშრომლობა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავცელებულ განცხადებაში.

საუკეთესო მოსწავლე კლასში: ევროკომისარმა საქართველო შეაქო >>

„ესპანურმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქართველ სამართალდამცავებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. ამ მიმართულებით მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ესპანეთსა და საქართველოში პოლიციის ატაშეების საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევა

მხარეებმა ასევე განიხილეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს კრიმინალურ პოლიციასა  და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას შორის გაფორმდება.

დოკუმენტის ხელმოწერა დაგეგმილია ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს. შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დავით ზალკალიანმა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სახელით ფერნანდო გრანდე-მარლასკა თბილისში მოიწვია.

„დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რასაც მაღალი შეფასება ეძლევა პარტნიორების მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროიტეგრაციის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან ოთხ თვეში >>

მხარეებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა. საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის მარტში მოიპოვა.

უვიზო რეჟიმი პანაცეა არ არის - საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირში

საქართველოს ხელისუფლებამ ახლახან გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ. ამიერიდან პირის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მას თავად დაეკისრება. გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა.

„ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მათ შორის, დადებითი შეფასება მიეცა  ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის ზრდის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენების ფაქტების პრევენციისთვის ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, - აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.