ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება - ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

ბრალდებულებმა სატენდერო კომისიას ყალბი დოკუმენტები წარუდგინეს
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე პასუხისგებაში მისცა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი გამოცდილება, გააყალბეს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელიც შემდეგ სატენდერო კომისიას წარუდგინეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

უწყების ცნობით, 2018 წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ანალოგიური სახის დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებაში მიეცა 20 მეწარმე.