თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინის ძელმა ეზოში მდგომი ავტომანქანის საქარე მინა დააზიანა, იუწყება გაზეთ „ბათუმელების" პორტალი.
შემთხვევა ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. აღნიშნულ ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ლუქსორი" აწარმოებს.
ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, მშენებლობიდან ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
10 იანვარს აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტი დააფიქსირა ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო კომპანია „ლუქსორი" 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის იანვარში 500-500 ლარით დააჯარიმა.