თვლადი და უთვლადი სიკეთე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს კრედიტორს?

კვალიფიციური დაკრედიტების სისტემა, ახალი რეალობა საფინანსო ბაზარზე! რა შეიცვალა, როგორია პირველი შედეგები?
Sputnik

სამსონ ხონელი

საფინანსო სექტორში, სადაც გასული წლის მაისის თვიდან მოყოლებული თამაშის წესები რამდენჯერმე შეიცვალა, ითვლიან და უკვე სერიოზულად ბჭობენ თემაზე − რა შედეგები მოიტანა საბანკო რეგულაციებმა?

„ჩვენ შევამცირებთ ჭარბვალიანობას და ვიზრუნებთ, რომ მომავალში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დადგეს“, − ითქვა სახელისუფლებო ტრიბუნიდან და პროცესიც დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული რეგულაციების ვრცელი პაკეტი ეტაპობრივად ამოქმედდა და საფინანსო ბაზრის ყველა სუბიექტზე გავრცელდა, მთავარი სამიზნე კომერციული ბანკები აღმოჩნდა.

ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...

ცვლილებების მახარობელი პირველი მერცხალი დათქმულ დროს, საგაზაფხულოდ მოფრინდა. კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისა და შესწავლის გარეშე სესხების გაცემა აეკრძალათ. სრულფასოვან ანალიზში მოიაზრება მსესხებელი და თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზი. მსესხებელს უწევს კომერციულ ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სანდოობის სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული რეგულაცია, კომერციული ბანკების გარდა, შეეხო ონლაინ-სესხებს, ლომბარდებსა თუ ე.წ. კერძო მევახშეებს და მთლიანი საფინანსო სექტორი მოიცვა.

ახლო წარსულის მოწოდება – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ რეალობად იქცა და 20 აგვისტოდან გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა. ყველა საკრედიტო ორგანიზაციისთვის განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი. ის შემცირდა 100 პროცენტიდან 50 პროცენტამდე. რეგულაციები შეეხო ლომბარდებსაც. მათ უძრავი ქონებისა და ავტომობილების სანაცვლოდ სესხის გაცემა აეკრძალათ. რეგულაციები შეეხო ფიზიკურ პირებსაც, კერძოდ, ნებისმიერ პირს, რომელიც ოთხზე მეტი ადამიანისგან მოიზიდავს ან გასცემს ფულად რესურსს, რეგისტრაციის გავლა უწევს ეროვნულ ბანკში. ფიზიკურ პირს, ვისაც სამევახშეო საქმიანობის გასაგრძელებლად ლიცენზიის აღება მოუნდება, მოუწევს ლიცენზიის ღირებულების გადახდაც, რომელიც 10.000 ლარის ოდენობით განსაზღვრა.

„დავიწყებული“ კლიენტის ფიქრები − სესხის ამღები ვეღარ ვიქნები?!

ახალი წლიდან ამოქმედდა „კვალიფიციური დაკრედიტების ჩარჩოდ“ წოდებული დოკუმენტის კიდევ ერთი ნაწილი, რომლითაც სხვადასხვა ტიპის სესხის ხანგრძლივობის ვადები დადგინდა. განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტები, რითიც საბოლოოდ დაზუსტდა კლიენტის შემოსავლების რა პროცენტი უნდა მოხმარდეს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას. ამ ბოლო სიახლის თაობაზე დაწვრილებით გიამბეთ იანვრის თვის პირველი დეკადის მიწურულს და დაინტერესებული მკითხველი ადვილად გაეცნობა ცალკეულ დეტალებს 11 იანვრის სტატიაში „დავიწყებული კლიენტის ფიქრები − სესხის ამღები ვეღარ ვიქნები?!“

ყოველივე ის, რაც აქამდე მოგახსენეთ, საბანკო რეგულაციების მოკლე შინაარსია და ზედაპირზე დევს. მარტივი მისახვედრია, რომ შინაარსი თვლადი არ არის, თვლას ციფრები ექვემდებარება, თუმცა კონკრეტული მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი და ჩვენც არ გაგვიჭირდება დავთვალოთ – როგორ აისახა თამაშის ახალი წესები ქვეყნის საფინანსო ბაზარზე, მისი ძირითადი სუბიექტების შემოსავლებსა და მოგებაზე. ერთი ამთავითვე შეიძლება ითქვას: კრედიტის აღება გართულდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მას უკვე აქვს მიმდინარე საკრედიტო ვალდებულება. სავარაუდოდ, საკრედიტო ორგანიზაციების შემოსავალმა უნდა დაიკლოს. მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რეგულაციები თავისი ბუნებით ძირითადად საცალო და სამომხმარებლო სესხების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ამას ამტკიცებს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, თუ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 1.477 მილიარდი ლარის მოცულობის ბიზნეს-სესხი გაიცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 2.035 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსებიც ღიად მიანიშნებენ, რომ ახალი საბანკო რეგულაციები ბანკებს აიძულებს საცალოდან ბიზნეს-სესხების გაცემაზე გადავიდნენ.

შევიტანოთ თუ არ შევიტანოთ? - საკითხავი აი ეს არის...

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო. საკრედიტო რესურსი ეკონომიკის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ახალ ბიზნეს-მოდელზე გადასვლა იოლი არ იქნება. ბანკებს ბიზნესთან ურთიერთობაში სჭირდებათ ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ბიზნესის დაკრედიტების შენელება იმანაც გამოიწვია, რომ არსებული სტანდარტული დაკრედიტების მოდელი მთლიანად უძრავი ქონების ღირებულებაზეა რეალურად მიბმული და ნაკლებად ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებზე. ეს თანაბრად ეხება და აფერხებს როგორც დამწყები ბიზნესის, ისე მოქმედი ბიზნესის დაკრედიტებას...“

ექსპერტ-ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ საბანკო სექტორის რეგულაციები შეგვიძლია განვიხილოთ საზოგადოებრივი მართვის მოწესრიგების კონტექტში. აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს საზოგადოების ფინანსურ-ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, პრევენციას გაუთვალისწინებელი და დაუსაბუთებელი რისკებისგან. საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მზარდი, სწრაფად განვითარებადი სეგმენტია. ამას ადასტურებს ეროვნული ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რეგულაციების შემოღებიდან განვლილი დროის მონაკვეთში გაიზარდა როგორც ბიზნესის, ისე საცალო დაკრედიტების მოცულობა. ერთი სიტყვით, საბანკო რეგულაციები არცთუ ისეთი კაბალური აღმოჩნდა ქვეყნისთვის, როგორც ამას პესიმისტები პროგნოზირებდნენ, მთავარია, რომ რეგულაციებმა შექმნა „თამაშის წესები“ ბაზარზე, „თამაშის წესები“, რაც ევროპის ყველა ქვეყანას გააჩნია და რაც ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, რომელსაც პრეტენზია აქვს ეკონომიკის განვითარებაზე. დასათვლელი სხვა ჯერ არაფერია!