გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ  გათავისუფლდა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გეგეშიძისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.

ამავე დროს, მოსამართლემ  არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გეგეშიძე ევროპის ორგზის ჩემპიონის, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის საქმეზე სამშაბათს დააკავეს. ინციდენტი 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისას რობერტ ქობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მოხდა. მას შემდეგ, რაც დათუნაშვილმა გააპროტესტა მსაჯების გადაწყვეტილება, ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და ჩხუბი, რა დროსაც დათუნაშვილს წარბი გაუხეთქეს.

პროკურატურამ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძეს „ძალადობის" მუხლით ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა.

გეგეშიძის დაკავების შემდეგ მოჭიდავეების ნაწილმა, მათ შორის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა და სხვებმა სამშაბათს პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს.

ოთხშაბათს კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოჭიდავეებს ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არ უცემია სპორტსმენი

თუ გეგეშიძეს ბრალი დაუმტკიცდება, მას ჯარიმა ან 120-დან 180 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ექვს თვემდე ვადით შინაპატიმრობა ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს მონაცემებით, მომხდარი ინციდენტის გამოძიება „ძალადობისა" და „ხულიგნობის" მუხლებით მიმდინარეობს.

გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში 2016 წლის 18 დეკემბერს ჩაუდგა.