მოჭიდავეთა სკანდალი: მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა

მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოუწოდა განაახლონ  ვარჯიში იმ სპორტსმენებს, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებენ.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოუწოდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შეწყვიტონ ბოიკოტი, რომელიც ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, თამაზ (გეგა) გეგეშიძის დაკავების გამო გამოაცხადეს, და ვარჯიშის განახლება სთხოვა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია >>

გეგეშიძე სამშაბათს ევროპის ორგზის ჩემპიონის, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის საქმეზე დააკავეს. ინციდენტი 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რობერტ კობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის საფინალო ბრძოლისას მოხდა. მას შემდეგ, რაც დათუნაშვილმა გააპროტესტა მსაჯების გადაწყვეტილება, ტრიბუნებზე დაიწყო ჩხუბი, შედეგად კი დათუნაშვილს წარბი გაუხეთქეს.

ხინჩეგაშვილმა ვლადიკავკაზში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა

შსს-ში ამტკიცებენ, რომ დათუნაშვილის ცემაში სწორედ გეგეშიძე მონაწილეობდა. გასულ ღამეს მოჭიდავეთა ნაწილმა, მათ შორის ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა, პოლიციის სამმართველოსთან გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ჩაატარა. მათ ვარჯიშიც შეწყვიტეს.

„ჩვენი პოზიცია უარყოფითია და, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან ჩვენ მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. აგრეთვე ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც შეკრების ადგილი დატოვეს და სავარჯიშო პროცესი შეწყვიტეს, დაუბრუნდნენ დარბაზებს და ნაკრების მწვრთნელების ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიში გააგრძელონ“, - განუცხადა ბატიაშვილმა ჟურნალისტებს.

ბატიაშვილის თქმით, საზოგადოება მოჭიდავეებისგან საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებას ელოდება.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არ უცემია სპორტსმენი >>

გეგეშიძის მხარდამჭერი აქციები დღესაც გაიმართა. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, მთავარი მწვრთნელები და ჭიდაობის ვეტერანები ჭიდაობის ფედერაციასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი ფედერაციის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ. მათი განმარტებით, სწორედ გეგა გეგეშიძის სახელს უკავშირდება ქართული ჭიდაობის წარმატებები. ისინი მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში 2016 წლის 18 დეკემბერს ჩაუდგა.