ბრიტანელი ძებნილი თბილისში პოლიციას თავად ჩაბარდა

ჯეკ შეფერდს 24 წლის გოგონას მკვლელობა ედება ბრალად
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბრიტანეთის პოლიციის მიერ ძებნილი ჯეკ შეფერდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის 6 წლით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, თბილისის პოლიციას ჩაბარდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეფერდი თბილისში იმყოფება და ბრიტანულ მართლმსაჯულებას აქ ემალება, სამშაბათს ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა. ამის შემდეგ ქართულმა პოლიციამ შეფერდის ძებნა თბილისში დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შეფერდის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის ივლისში გამოიტანა. იმ დროისთვის მამაკაცი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა – მან ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ქართველი კრიმინალისტები ინტერპოლთან ერთად იმუშავებენ

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, BBC-ს მონაცემებით, ინციდენტი 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა, როდესაც შეფერდმა ბრაუნი პაემანზე დაპატიჟა. თავიდან ისინი რესტორანში წავიდნენ, შემდეგ კი მდინარე ტემზის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. შეფერდმა ქალს მდინარეზე კატარღით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. კატარღა, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ.

 შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მოგვიანებით მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი მდინარის ცივ წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო გარდაიცვალა.

შეფერდი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, რომელიც უხეში გაუფრთხილებლობის გამო არის ჩადენილი.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, ჯეკ შეფერდი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ქართულ სასამართლოში ბრიტანელი ბრალდებულის უფლებებს ქართველი ადვოკატები დაიცავენ. მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე შეეცდებიან გამოძიება დაარწმუნონ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფს ტრაგედიაში ბრალი არ მიუძღვის.