თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 3 წლის გოგონა მოიწამლა, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი".
შემთხვევა რუსთავის მე-20 მიკრორაიონში დღეს მოხდა.
„სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა არასრულწლოვანი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. გასულ კვირაში დიდ დიღომში მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. გუშინ ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში კიდევ ორი მამაკაცი იმსხვერპლა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, იგეგმება გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, გამკაცრდება მოთხოვნები გაზის კვალიფიციური კომპანიების მიერ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან და ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მომხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.