ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ყველაზე ჩრდილოელი აფრიკელი: ნიგერიელ-იაკუტიელი მარკ ბაბატუნდე

მარკ ბაბატუნდე წარმოშობით ნიგერიიდანაა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს 10 ათასი კაცით დასახლებულ, რუსეთის ცივ ქალაქში აღმოჩნდებოდა.
Sputnik

მარკ ბაბატუნდე წარმოშობით ნიგერიიდანაა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს 10 ათასი კაცით დასახლებულ, რუსეთის ცივ ქალაქში აღმოჩნდებოდა. მას არ ესმოდა, რატომ ჭამდნენ ადგილობრივები უმ ხორცს და ძალიან განიცდიდა, როდესაც ტემპერატურა -500-მდე ეცემოდა. მაგრამ მაინც დასახლდა შორეულ აღმოსავლეთში, დაიწყო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა და შექმნა თავისი გვერდი YouTube-ზე, სადაც იაკუტიაში ცხოვრებას აღწერს.

რუსული სიყვარული

მარკი მომავალ მეუღლეს ჩინეთში 2004 წელს შეხვდა. გოგონა წარმოშობით იყო ადგილიდან, რომლის შესახებაც მარკს თითქმის არაფერი ჰქონდა გაგონილი გარდა იმისა, რომ ეს იყო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილი.

10-წლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ, 2014 წელს, მარკმა, მისმა მეუღლემ და შვილებმა რისკიანი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს: ჩინეთიდან იაკუტიაში გადასახლდნენ, რათა ბავშვები რუსულ სკოლაში შეეყვანათ.

იაკუტია მშობლიური სახლი იყო ცოლისთვის, მაგრამ არა მარკისთვის. მან არ იცოდა, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა.

„მაინტერესებდა, ვღელავდი და ცოტათი მეშინოდა კიდეც. მეშინოდა, რომ რუსეთში არ მიმიღებდნენ“, - ამბობს მარკი. მისი შიშების

მიუხედავად, შორეული აღმოსავლეთისთვის ესოდენ იშვიათმა შავკანიანმა მამაკაცმა ადგილობრივთა კეთილგანწყობა მალევე დაიმსახურა.

მოულოდნელი წინადადება

მარკი ადგილობრივ ენის კლუბში მიიწვიეს: ნიგერიაში ინგლისური ენა - ერთ-ერთი ოფიციალური ენაა და მარკი მას კარგად ფლობს. კლუბში ის შემთხვევით შეხვდა ადგილობრივი სკოლის დირექტორს, რომელმაც ახალმოსახლე თავის სკოლაში დაპატიჟა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ტარდებოდა გაკვეთილები რუსეთში.

„დავდივარ სკოლის დერეფნებში და უცებ მეუბნებიან: არ გინდათ, ბავშვებს ჩინური ასწავლოთ?“

უკვე მომდევნო დღეს მარკი იაკუტიელ ბავშვებს ჩინურ გრამატიკას უხსნიდა. „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთში ჩინური ენის მასწავლებლად მიმიღებდნენ“, - ამბობს გაკვირვებული ნიგერიელი, რომელმაც უკვე მოასწრო მოსწავლეების შეყვარება.

„ჩემი მოწაფეების უმრავლესობას არასდროს დაუტოვებია რეგიონი. მათ ძალიან აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები ნიგერიაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში“. მარკი ცდილობს, სკოლის მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი უამბოს იმ ადგილის შესახებ, სადაც ისინი არასდროს ყოფილან.

„ჩემი მოსწავლეები ძალიან ჭკვიანი, კულტურული და კარგად აღზრდილი ბავშვები არიან. მათ მიმართ ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ“, - აღნიშნავს მარკი.

უმი ხორცი და „ფეხებზე შემდგარი“ სახლები

იაკუტიაში ნიგერიელი ბევრმა რამემ გააოცა. „როგორ აშენებთ სახლებს, თითქოს „ფეხებზე დგანან“ და დედამიწას აცილებული არიან, რათა სითბო შეინარჩუნონ. როგორ საკვებს მიირთმევენ ადამიანები - უმ ხორცს, მაგალითად. არა მგონია, ამას შევეჩვიო“, - ღიმილით ამბობს მარკი ტრადიციულ იაკუტიურ სამზარეულოზე საუბრისას.

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, დაბალ ტემპერატურას ნიგერიელზე ძალიან არ უმოქმედია. „ სიცივეს ჩინეთში შევეჩვიე. და მიუხედავად იმისა, რომ -500 სახუმარო ტემპერატურა სულაც არ არის, უბრალოდ საჭიროა იცოდე სწორად ჩაცმა და ასეთ პირობებთან შეგუება შეძლო“, - ამბობს მარკი.

„ყველაზე ჩრდილოელი აფრიკელი“

ეს სახელწოდება მარკმა თავისი YouTube–გვერდისთვის აირჩია, რომელზეც იგი მსმენელს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში თავისი ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. პირველ ვიდეოში მარკი გაყინული პეიზაჟების ფონზე თბილ ქურთუკში შეფუთნული დადის. მარკის გვერდით რუსული მასმედია დაინტერესდა. თუმცა არხის შექმნის მიზეზი სულ სხვა, პირადული იყო.

„როდესაც ადამიანებს ეუბნები, რომ გარეთ -500 ყინვაა, ბევრს ეს არ ესმის“, - ამბობს მარკი. „მაგრამ ისინი საკუთარი თვალით დაინახავენ ამას, თუ ვიდეოთი გადავიღებ“.

„უბრალოდ მინდოდა რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც ამ ადგილზე მოგონებებს შემომინახავდა. მე ხომ არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები იაკუტიაში“.