რა ბრალდებით დააკავეს თბილისში გარდაცვლილი ბავშვის დედა

გარდაცვლილი ბავშვის დედას იანვრის დასაწყისში გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის  ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თბილისში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დააკავეს

გარდაცვლილი გოგონას დედა გამოძიების ფარგლებშია  დაკავებული სსკ-ის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება მიმდინარე წლის 6 იანვარს შევიდა.

„ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის „ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ.“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაშინ მცირეწლოვანი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარის შესახებ კი სოციალურ სამსახურს ეცნობა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრებმა კი განაცხადეს, რომ ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

თბილისში გაურკვეველ ვითარებაში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა

„ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა“, – აღნიშნულია  განცხადებაში.

გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარალელურად დაიწყო შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.

უწყების ცნობით, მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.