თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აპრილიდან ვილნიუსი–თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, განაცხადა ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ლიეტუვას ოფიციალური ვიზიტით 21 იანვარს ეწვია.
როგორც ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ავიარეისები ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-კავშირებისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ეს ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნეს-კავშირების განვითარებას. ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა", – განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.
თბილისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways განახორციელებს. ავიაკომპანიის ცნობით, საქართველოსა და ლიეტუვას დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისები 2 აპრილიდან დაიწყება და კვირაში სამჯერ – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.