კომუნიკაციების კომისია: აბონენტებისთვის ტარიფის ზრდის საფუძველი არ არსებობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს, აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჯეოსელისა" და „მაგთის" მომსახურების ტარიფები ძვირდება>>>

შპს „ჯეოსელისა" და შპს „მაგთიკომის" აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. განახლებული ტარიფები „მაგთის" შემთხვევაში 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა" და „სილქნეტის" აბონენტებისთვის კი - პირველი მარტიდან.

ახალი ტარიფების მიხედვით, „ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი „მეტი S"-ის ღირებულება -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი პაკეტის 30 ლარი გახდება. ამასთან, კომპანიის განცხადებით, მცირდება მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის ფასი, ასევე, იზრდება პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობა, რომლის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე.

რატომ გავიდა საქართველოდან შვედურ-ფინური „თელიასონერა“

ასევე, უქმდება „სილქნეტის" ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი და აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +", 20მბ/წმ).

ტარიფების გაზრდას გეგმავს „მაგთიც". კერძოდ, პაკეტი „მარტივის" ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება (მობილური ინტერნეტის მოცულობა იზრდება 1.5 GB-მდე). მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 MB – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა" და „სილქნეტის" მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება", -აღნიშნულია განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

„ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს", - ნათქვამია განცხადებაში.

თავად კომპანიები ტარიფების ზრდის მიზეზად მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებასა და გაზრდილ ინტერნეტ-პაკეტებს ასახელებენ.

გარდა ტარიფების ზრდისა, „ჯეოსელისა" და „მაგთის" აბონენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურია. „ჯეოსელის" შემთხვევაში ყოველი თვის დასაწყისში თითოეულ აბონენტს 20 თეთრი ჩამოეჭრება, „მაგთის" აბონენტებისათვის კი ნომრის მომსახურების 180 დღის საფასური - 1 ლარი იქნება.