„ჯეოსელისა" და „მაგთის" მომსახურების ტარიფები ძვირდება

"ჯეოსელისა" და "მაგთის" აბონენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურია.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შპს „ჯეოსელისა" და შპს „მაგთიკომის" აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

განახლებული ტარიფები „მაგთის" შემთხვევაში 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა" და „სილქნეტის" აბონენტებისთვის კი – 1 მარტიდან.

რა წერილობითი გაფრთხილება მიიღეს „მაგთიმ“ და “ჯეოსელმა“>>>

ტარიფების ზრდის მიზეზად კომპანიები მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებასა და გაზრდილ ინტერნეტ-პაკეტებს ასახელებენ.  

რატომ გავიდა საქართველოდან შვედურ-ფინური „თელიასონერა“

„ჯეოსელისა" და „მაგთის" აბონენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურია. „ჯეოსელის" შემთხვევაში ყოველი თვის დასაწყისში თითოეულ აბონენტს 20 თეთრი ჩამოეჭრება, „მაგთის" აბონენტებისთვის კი ნომრის მომსახურების 180 დღის საფასური 1 ლარი იქნება.

ახალი ტარიფების მიხედვით, „ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი „მეტი S"-ის ღირებულება 7 ლარი, 10-ლარიანი – 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი პაკეტი 30 ლარი გახდება. ამასთან, კომპანიის განცხადებით, მცირდება მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის ფასი, ასევე იზრდება პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობა, რომლის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე.

ასევე უქმდება „სილქნეტის" ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი და აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +", 20 მბ/წმ).

ტარიფების გაზრდას გეგმავს „მაგთიც". კერძოდ, პაკეტი „მარტივის" ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება (მობილური ინტერნეტის მოცულობა იზრდება 1.5 GB-მდე). მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 MB – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).

იცვლება „მაგთიკომის" ინტერნეტ-პაკეტების პირობებიც. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა სამ ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად. ამასთან, იზრდება „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასიც და 27 ლარის ნაცვლად 30 ლარი ხდება (სიჩქარე ორმაგდება).