სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 17:00 საათზე დაიწყო.  პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

საკუთარ ნათლულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად დალოცავს. ილია მეორეს სამების ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან.

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.