თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბათუმში მოქალაქეები ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.
აქციის მონაწილეები პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აირწინაღებითა და სამედიცინო პირბადეებით მივიდნენ.
„არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმის პორტში“ - ამ ლოზუნგით გამართულ აქციაზე მისულ მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ბათუმს ტურისტული ქალაქის სტატუსს წაართმევს.
„ბათუმი საფრთხის წინაშე დადგა. მავანნი ამბობენ, რომ შუა ტურისტულ ქალაქში ქიმიური ტერმინალი უნდა აშენდეს. მინდა ხმამაღლა ვთქვა, ეს არის ბომბი, რომელიც წამებში ქალაქს მაღლა ასწევს. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ ქიმიური ტერმინალის პროექტის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ფართომასშტაბიან აქციებს არ გამოვრიცხავთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ბათუმის პორტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შაბათს მინერალური სასუქი „კარბამიდი“ შეჭამა. ამით მას იმის დამტკიცება სურდა, რომ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა.
ბათუმის პორტში 20 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. ახალი ტერმინალის პროექტი უკვე მზად არის.
ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-s შორის გაფორმდა.
კომპანიის ცნობით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანხმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.