აფეთქება დიღომში: „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

ბრალდებულების ადვოკატის განმარტებით, არცერთი ბრალდებული არ დაკითხულა
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ ორ თანამშრომელს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბრალდებულების ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან. მოვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული“,  – განაცხადა ადვოკატმა.

კალაძე: პირადად მე მადანაშაულებენ მომხდარ ტრაგედიაში

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. აფეთქება შემოწმების დასრულებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

გამოძიების ფარგლებში დაკითხეს „ყაზტრანსგაზისა" და სამშენებლო კომპანია L Group-ის (რომელმაც ეს კორპუსი ააშენა) თანამშრომლები. ამ სახლში მოსახლეობა წლის ბოლოს შევიდა, თუმცა ის ექსპლუატაციაში ჯერ ჩაბარებული არ არის.