რაზე იმსჯელეს ბახტაძემ და ფაშინიანმა – საქართველოს პრემიერმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

პრემიერების შეხვედრაზე საკითხი სომხეთიდან რუსეთში ტვირთების ალტერნატიული გზებით ტრანსპორტირების შესახებ არ დამდგარა.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მეგობრული ხასიათისა იყო, რომელზეც საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობის გაზრდის საკითხი განვიხილეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე მთავრობის სხდომის წინ.

მთავრობის მეთაურთა შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში ბოლნისში სამშაბათს, ფაშინიანის სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მეორე დღეს გაიმართა.

„ჩვენ სომხეთთან მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. მოგეხსენებათ, რომ ის რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მეორედ დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად. ეს იყო მეგობრული შეხვედრა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის", – განაცხადა ბახტაძემ.

ბრიფინგზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილეს თუ არა ორი ქვეყნის პრემიერებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ამოქმედების საკითხი, მათ შორის, ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.

ბახტაძემ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

ოფიციალური ერევანი არაპირდაპირ არაერთხელ შეეხო საკითხს, რომ ეძებს ალტერნატიულ გზას საქონლის რუსეთში გატანისთვის საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ლარსის" გვერდის ავლით, რომელიც ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტია, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.

„ეს არის ტექნიკური იმპლემენტაცია იმ ხელშეკრულების, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, 2011 წელს იქნა ხელმოწერილი. ის ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. მოგეხსენებათ, იქ ძალიან ბევრი საკითხია დასარეგულირებელი. ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაცია მიეწოდება. ჩვენი შეხვედრა ამ საკითხს ნამდვილად არ შეეხებოდა", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტოლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალებზე.