თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ქუთაისში კლინიკა "მედიქალსიტში" ამ დროისთვის წითელას ინფექციით 10 პაციენტი მკურნალობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
იანვრის თვეში კლინიკას წითელას ინფექციით 59-მა პაციენტმა მიმართა. ნუგზარ მაღლაკელიძის განცხადებით, ეს რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, იანვრის დასაწყისიდან ქვეყანაში წითელას 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტად აღნიშნული ინფექციური დაავადება იმერეთში, სამეგრელოში, თბილისსა და კახეთში გვხვდება.
გამყრელიძე იმ ადამიანებს, რომელთაც წითელას აცრა არ აქვთ გაკეთებული, მოუწოდებს სასწრაფოდ გაიკეთონ ვაქცინაცია.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში წითელაზე ვაქცინაცია უფასო გახდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
წითელათი ინფიცირების რისკ-ჯგუფში 40 წლამდე ყველა მოქალაქე შედის, ვისაც ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს.
წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.