თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სამშენებლო კომპანია L Group დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აკისრებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სამშენებლო კომპანია L Group-ის დირექტორი გრიგოლ ჭანტურია გამოკითხეს.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.
საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, სამშენებლო კომპანია L Group-მა ააშენა.
კომპანიის დირექტორის ადვოკატის, ლექსო კობაიძის განცხადებით, კორპუსის მცხოვრებლები განცხადების გაკეთებას გეგმავენ, სადაც საუბარი „ყაზტრანსგაზის“ პასუხისმგებლობაზე იქნება.
ლექსო კობაიძე ამ საქმესთან დაკავშირებით ჭანტურიას დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა მიჩნევს, რომ მისი ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ სამართლებრივად წარმოუდგენელია, რომ გრიგოლ ჭანტურიას ბრალეულობა გამოიკვეთოს. ორჯერ ოფიციალურად 112-ში განხორციელდა ზარი, რომ იყო იქ გაზის მძაფრი სუნი, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოახდინა „ყაზტრანსგაზმა“, რომლის პასუხისმგებლობაა და ვალდებული იყო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაეცვა და არ დაიცვა“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.
ექსპლუატაციას რაც შეეხება, ადვოკატის განცხადებით, თბილისში ახლად აშენებული კორპუსების 90% არ არის ჩაბარებული, ანუ ექსპლუატაციაში შესული.
აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.
წინასწარი ვერსიით, აფეთქებისას დაღუპული ლევან დავლაძე კორპუსში მეგობრის ბინის სანახავად მივიდა. პირველადი ვერსიით, აფეთქება სწორედ მის მიერ სახლში შუქის ანთებას მოჰყვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამ დრომდე გრძელდება „ყაზტრანსგაზის“ იმ თანამშრომლების დაკითხვაც, რომლებიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდნენ.
დილიდან მიმდინარეობდა დიღმის პოლიციის განყოფილებაში კორპუსის მცხოვრებლების გამოკითხვაც.
ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, გამოიკითხება ყველა ადამიანი, ვინც კი საქმეში ფიგურირებს.
ამ დროისთვის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი ყვითელი ლენტითა არის შემოსაზღვრული. კორპუსში სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტებიც და კორპუსის მდგომარეობას სწავლობენ.
დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.