ტრაგედია დიღომში – „სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

დიღიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 კლინიკის მენეჯერის ეკა გუგეშაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

მენეჯერის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კლინიკამ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყო როგორც იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვები, ასევე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

„აფეთქების ტალღამ გადამაგდო“ – თვითმხილველები დიდ დიღომში აფეთქების შესახებ

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ამ დროისთვის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში ოთხი წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ხუთი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

„წუხელ, შემოყვანის დროს ერთ ბავშვს საოპერაციოში გადაუსხეს სისხლი, ასევე დილით, გამთენიისას დასჭირდა სისხლის გადასხმა. საუბარია იაშვილის კლინიკაში მოთავსებულ ბავშვზე. „იმედის კლინიკაში" მოთავსებული ბავშვი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ მანამდე სისხლი მასაც გადაუსხეს. მოვუწოდებთ მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ, რომ მარაგი ცოტა გავზარდოთ, არ ვიცით რაში დაგვჭირდება. დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა", – აცხადებენ შპს „სისხლის ბანკში".

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.