თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან" დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე ახსნა-განნმარტებას მოითხოვს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გლოვის დღეა - სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია>>>
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ამ დროისთვის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში ოთხი წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ხუთი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.
დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
„თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები. ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც, იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან", – აღნიშნულია განცხადებაში.
სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის შიდა ქსელის მოწყობის რეგულირება სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს.
„ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად", – განმარტავს ენერგოომბუდსმენი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.
„ყაზტრანსგაზის" ცნობით, კომპანია ოფიციალურ განცხადებას დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.