იტალია და ლიეტუვა საქართველოს სამძიმარს უცხადებენ

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. იტალიის საელჩო საქართველოში და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

საქართველოში გლოვის დღეა – სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

„ჩვენი სამძიმარი საქართველოს და თბილისში მომხდარი საშინელი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს", – ნათქვამია იტალიის დიპლომატიური მისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარის ტრაგედიის გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

სოციალურ ქსელში

ლიეტუველი დიპლომატი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. მთავრობის განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან შენობის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.