მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთის ჯვრის მონასტერი 14 იანვრიდან მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დახურული იყო.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს (ჭინჭარაული) გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 14 იანვარს დაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, მონასტრის დაკეტვის მიზეზი მის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობა გახდა. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მოთხოვნა იყო.

მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის განცხადებით, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მოწესრიგებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. კერძოდ, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილიზებულ ფორმებს მიიღებს.

მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების იმედი აქვთ თავად მონასტრის სასულიერო პირებსაც. მამა დანიელის განცხადებით, მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ღიაა მრევლისთვის და ვიზიტორებისთვის.

ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია: საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გუშინ საქართველოს საპატრიარქომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მონასტრის დაკეტვის მიზეზი გარე მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგების მიზნით გადადგმული ნაბიჯი იყო.

გუშინ განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომაც. მათი განმარტებით, მონასტრის დაკეტვის მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევა იყო, რათა შემდეგ ერთობლივად გადაწყვეტილიყო გარე ვაჭრობის საკითხი.

მცხეთის ჯვრის მონასტერი VI საუკუნის კულტურული ძეგლია. ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.