თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ, რომელიც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილას მივიდა, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ბოლო ინფორმაციით, დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ერთ-ერთი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.
ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეოთხე სართული მთლიანად ჩანგრეულია. დაზიანებულია ძირითადად მეოთხე სართული, თუმცა ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.
საბანაძის განცხადებით, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
შემთხვევის ადგილას იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი დაშავებულები საავადმყოფოებში მოინახულა. დაშავებულების მოსანახულებლად იაშვილის კლინიკაში მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.