Nowhere to Run: თბილისში მხატვარ ბუგიანის გამოფენა მიმდინარეობს

მხატვარი ირაკლი ბუგიანი უკვე 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ საკმაოდ ხშირად აწყობს გამოფენებს საქართველოში.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. გალერეა ArtBeat-ში მიმდინარეობს ქართველი მხატვრის დიუსელდორფიდან ირაკლი ბუგიანის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით Nowhere to Run („გასაქცევი არსადაა“), იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

სელფი და ხელოვნება: საქართველო საერთაშორისო ფლეშმობს შეუერთდა

ირაკლი ბუგიანი (ბუგიანიშვილი) თბილისელია, მაგრამ უკვე 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს. სწავლობდა თბილისისა და კარლსრუეს სამხატვრო აკადემიებში; არის ხელოვნების ისტორიის მაგისტრი, სხვადასხვა წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა საქართველოში, ჰოლანდიასა და გერმანიაში.

ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. მისი ნახატები სპონტანურად იქმნება, მხატვარი თავისი ნამუშევრის შედეგს ხშირად მხოლოდ ფინალში ხედავს. ის, ჩვეულებრივ, ხუთ–ექვს სურათზე პარალელურად მუშაობს.

„ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. იგი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს დაუმთავრებელია სურათები“, – აღნიშნულია გამოფენის ანონსში.

გამოფენა აერთიანებს 2017–2018 წლებში შექმნილ ტილოებს. ნახატები ძალზე ინტიმურია და ავტორის შინაგან სამყაროსა და განცდებს ასახავს.

ექსპოზიცია გალერეა Project ArtBeat-ში (პ. ინგოროყვას ქ. 14) 2019 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება. გალერეა ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00–დან 19:00 საათამდე.