თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩის გარემონტება და იმ ბანერის ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც ჯორჯ ბუშია გამოსახული.
ასევე დაგეგმილია კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლისა და ზურაბ წერეთლის მონუმენტის „ადამიანი და მზის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. აქ გაჩნდება სარწყავი სისტემა, განათება, დეკორატიული აუზი, დაირგვება ხეები.
„ჩემი თხოვნაა, რომ ამ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ბანერი, რომელზეც წერია ბუშის ქუჩა, ჩამოვხსნათ და ისეთი გავაკეთოთ, რაც ამ რეაბილიტირებულ პროექტს შეესაბამება“, – მიმართა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თავის მოადგილეს მაია ბითაძეს.
თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩა 2005 წელს აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პატივსაცემად გაჩნდა.