დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა

ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი
Sputnik

 

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.
დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე  სართულზე აფეთქება , სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე  სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა, მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე,  ჩანგრეულია ლიფტიც.

„ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10.  მომხდართან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე ასევე სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული არცერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება და მათ დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყოფენ.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ექსპერტ-კრიმინალისტები.