უალტერნატივო კონკურენცია, ანუ როგორ დგინდება საწვავის ფასი?

მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობი და ქართული რეალობა. რა ხდება საწვავის ბაზარზე ქვეყნის შიგნით და რატომ არ არის საწვავის ფასი ადგილობრივი ეკონომიკური თუ გლობალური პროცესების ადეკვატური?
Sputnik

სამსონ ხონელი

პატივცემულ მკითხველს ვთხოვ, არ დაინანოს მოსალოცი სიტყვები... ძველი და ახალი წლების გასაყარზე ოჯახის ერთი დაბერებული, გაცვეთილი წევრი მეორეთი ჩავანაცვლე. ეს როგორ გავიგოთ? − შესაძლოა, მკაცრი ტონით ჩამეძიოს გაკვირვებული და გაბრაზებული ჩვენი მკითხველი. ღმერთმანი, უკადრებელი არაფერი ჩამიდენია, ფანტაზიას ნუ მისცემთ ფართო გასაქანს. ძველი ავტომობილიდან შედარებით ახალში გადავჯექი, ეს არის და ეს. გადაადგილების საშუალებას რომ ოჯახის წევრი ვუწოდე, ამით მავანნი ალბათ გავანაწყენე კიდეც და ბოდიში მომიხსენებია. თუმცა, ვისთვის – როგორ? მთავარ თემას დავუბრუნდეთ. კომფორტზე უარი ვთქვი და არჩევანი ეკონომიური ავტომობილის სასარგებლოდ გავაკეთე. სწორედ მაშინ დავინტერესდი საწვავის ბაზარზე არსებული ტენდენციით და დავასკვენი, რომ მსოფლიოში ნავთობის გაიაფების შემდეგ ქართველი ნავთობიმპორტიორები მაინც კოლოსალურ მოგებაზე გადიან. ეს მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლოს ყველა მარკის ბენზინზე ფასები რამდენიმე თეთრით შემცირდა. მივყვეთ თანმიმდევრულად.

„დავიწყებული“ კლიენტის ფიქრები − სესხის ამღები ვეღარ ვიქნები?!

მსოფლიოში ნავთობზე ფასები მკვეთრად ეცემა. უკვე სამ თვეზე მეტია ბირჟებზე ნავთობის ფასს დაღმავალი ტენდენცია უჭირავს და დაახლოებით 40 პროცენტით შემცირდა. კერძოდ, თუ გასული წლის სექტემბრის თვეში ერთი ბარელი WTI-ს ტიპის ნავთობის ღირებულება 76 დოლარს აღწევდა, დღეს მისი ფასი საშუალოდ 50 დოლარია. მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნა არაერთ ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, ნავთობის ფასის ფორმირებაზე პირველ რიგში დიდი გავლენა იქონია ირანისთვის დაწესებული სანქციების დაანონსებამ. ამან გამოიწვია ბაზარზე ფასების მოკლევადიანი მატება. შეიქმნა მოლოდინი, რომ ირანის ექსპორტის გარეშე ბაზარზე შეიქმნებოდა ნავთობის დეფიციტი და ეს, თავის მხრივ, გაზრდიდა მოთხოვნას. პარალელურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერთი მხრივ, გაზარდა მოპოვება, ხოლო მეორე მხრივ – გახსნა საკუთარი მარაგები ბაზარზე მოსალოდნელი დეფიციტის შესავსებად. ნავთობის ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ე.წ. ფსიქოლოგიური ფაქტორი, სწორედ ასეთი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმად, ნავთობის ფასის შესამცირებლად ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს იღონებდა. ამავე პერიოდში ნავთობის მოპოვების მოცულობა საგრძნობლად გაზარდა რუსეთის ფედერაციამ. შედეგად, ანალიტიკოსების შეფასებებით, მოსალოდნელი დეფიციტის ნაცვლად ბაზარს ჭარბი ნავთობი მიეწოდა. ამან კი ფასის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ნავთობზე ფასების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ხელს უწყობს ევროპული ქვეყნების პოზიციაც, ისინი ვერ იტყვიან ირანულ ნავთობზე უარს.

შევიტანოთ თუ არ შევიტანოთ? - საკითხავი აი ეს არის...

მსოფლიო პროცესების პარალელურად საინტერესოა, რა ხდება საწვავის ბაზარზე ჩვენი ქვეყნის შიგნით, რამდენად ემთხვეოდა ჩვენთან საწვავის გაძვირება ადგილობრივ ეკონომიკურ თუ გლობალურ პროცესებს? მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად მცირდება, მაგრამ ეს ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად არ ასახულა, თუ არ ჩავთვლით ფასების 5-10 თეთრიან შემცირებას. ქრონოლოგიურად გავყვეთ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობდა საწვავის ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიო ტენდენციებს შორის მრავალი მასშტაბური შეუსაბამობა ფიქსირდება...

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „თუ სიღრმისეულად ჩავშლით მონაცემებს, დავინახავთ, რომ თებერვალში ერთი ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. საქართველოში კი ერთი ლიტრი „პრემიუმის“ შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირად, ვიდრე მაისის თვეში, როცა ბარელი 70 დოლარზე იყო ასული. შემდეგ ნავთობზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან ივნისის მეორე ნახევრამდე ნავთობზე ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა, ეს ადგილობრივ ბაზარზე არ ასახულა, მეტიც, ჩვენთან საწვავზე ფასები 3-5 თეთრით გაიზარდა კიდეც. აღნიშნულ პერიოდში სტაბილური იყო ეროვნული ვალუტის კურსიც.

მეოცნებე ელიოზის სინდრომი... ან სასწაულის მოლოდინში...

აგვისტოს პირველ ნახევარში საწვავზე ფასები კვლავ გაიზარდა, რასაც არანაირი ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია, რადგან ივლისის თვის ბოლოდან აგვისტოს თვის მეორე ნახევრამდე ნედლი ნავთობის ფასი 66 დოლარამდე დაეცა. მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დასახელდა. უნდა ვთქვათ, რომ დროის ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა 15 პუნქტით მართლაც გაუფასურდა, მაგრამ ასე მყისიერად ეროვნული ვალუტის ცვლილებით საწვავის ფასი ცვლილება შეუძლებელია... სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ნავთობის გაძვირების პროცესი, რამაც ოქტომბრის თვემდე გასტანა. დროის ამავე პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ორჯერ გაიზარდა, რასაც ეროვნული ვალუტის სამი პუნქტით გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. მას შემდეგ კი ბარელის ფასი საშუალოდ 39 პროცენტით არის შემცირებული. ამის პარალელურად ბოლო თვეებში შვიდი პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტაც. ეს ყველაფერი სავსებით საკმარისია, რათა კომპანიებმა მნიშვნელოვნად გადახედონ საფასო პოლიტიკას და მკვეთრად შეამცირონ ფასები. თუმცა აღნიშნულ პროცესებს ხუთმა ბრენდულმა კომპანიამ მხოლოდ ფასების 7-10 თეთრით შემცირებით უპასუხა...“

იწვიმებს თუ არა ისე, როგორც ქუხს: პოლიტიკური „თამაშის“ ფასი

ექსპერტთა ერთი ნაწილი მიგვანიშნებს, რომ ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობას უფრო ნათლად დავინახავთ, თუ არაბრენდირებული და ბრენდირებული კომპანიების საფასო პოლიტიკას ერთმანეთს შევადარებთ. სხვაობა 0.51 ლარს აღწევს, რაც ერთ ლიტრზე კოლოსალური სხვაობაა. საწვავის ფასში შედის ერთი ტონა საწვავის ფასი, გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ-ის გადასახადი და გაცვლითი კურსის კომპონენტი. ამ მონაცემით ერთი ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1.61 ლარს არ აღემატება. კომპანიები ამ ფასს ამატებენ მოგების მარჟას, მაგრამ ერთ ლიტრზე 0.90 ლარის სხვაობას ძნელია ობიექტური ახსნა მოეძებნოს. უჩვეულო არაფერია – ფასები უნდა დაარეგულიროს კონკურენციამ, ეს კი ჩვენში პრაქტიკულად არ არსებობს, არც ეფექტური მაკონტროლებელი გვყავს, რომელიც ბაზარზე აღკვეთს კონკურენციის კანონის დარღვევას, რაც უკვე წლებია ჩვენში გრძელდება.