თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. შსს-სგადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112“-მა მობილური აპლიკაცია 112 Georgia შექმნა, რომელსაც დახმარების ჩუმად გამოძახების ფუნქცია აქვს, ნათქვამია გადაუდებელი დახმარების Facebook-გვერდზე.
აპლიკაცია 112-თან დასაკავშირებელ კიდევ ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, რომელიც მოქალაქესა და ოპერატორს ერთმანეთთან უმოკლეს დროში აკავშირებს. აპლიკაციას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი), ჩუმი გამოძახება (SOS) და ზარის განხორციელება. აპლიკაციის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს.
SOS ღილაკის დაჭერით ყოველგვარი განმარტების გარეშე, რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი გაჩნდება, ნათქვამია განცხადებაში.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე IOS სისტემებისთვის. მისი გამოყენებისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტი და GPS სერვისი. ინტერნეტის არ ქონის შემთხვევაში გამოძახება 112-ში SMS-ის სახით გაიგზავნება. ისევე, როგორც 112-ის ყველა სერვისი, ეს სერვისიც უფასოა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
აპლიკაცია ადაპტირებულია უსინათლო ადამიანებისთვის. ცნობისათვის, ასეთი გზით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება მსოფლიოს მხოლოდ 13 ქვეყანაშია შესაძლებელი.