რუსთავში სამრეწველო ქალაქი და ინდუსტრიული ჰაბი აშენდება

პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4 ათასზე მეტი ადგილობრივის დასაქმება
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. კანადური კომპანია KAMCON INVESTMENTS რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის, ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის აშენებას გეგმავს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში კიდევ ერთი ფეროშენადნობის ქარხანა იხსნება

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის KAMKON INVESMENTS-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გაიმართა კანადური კომპანიის მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია, რომელიც რუსთავში სამრეწველო ქალაქის აშენებას ითვალისწინებს.

წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4 ათასზე  მეტი ადგილობრივის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.

„ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ აღნიშნული პროექტის განვითარებას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ.

მისი განცხადებით, კანადელმა ინვესტორებმა რუსთავი რამდენიმე ფაქტორის გამო აირჩიეს: მათ შორისაა ისტორიულ-საკადრო ექსპერტიზა, რომელიც რუსთავში წლების მანძილზე არსებობდა, ასევე ტერიტორიული სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან.

რუსთავში მარილის საწარმო აშენდება

„მსგავსი ინდუსტრიული ქალაქები სხვა ქვეყნებშიც გვაქვს აშენებული, რომელთა ძირითად მიზანსაც სხვადასხვა პროფილის სამრეწველო საწარმოების ამოქმედება წარმოადგენს. ჩვენი ინტერესია სამშენებლო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ისეთიც, რომლებსაც საქართველოშიც მოიხმარენ,“ – განაცხადა კომპანია KAMKON INVESMENTS-ის დირექტორმა ამირ ქაზემი ტაფრეშიმ.

უშუალოდ საწარმოო დანიშნულებისათვის ათვისებული იქნება 400 ჰა მიწის ფართობის 75%, ხოლო დარჩენილი არეალი მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გამოიყენება.