თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვებიან ინტერპოლის პროგრამაში „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია" (DVI), იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინტერპოლის სამომავლო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტები, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში სპეციალური ტრენინგები გაიარეს.
მომზადების დასრულების შემდეგ ქართველმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი მიიღეს.
ტრენინგის მთავარი მიზანია ინტერპოლის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო პრაქტიკისა და ცოდნის დანერგვა დადგენილი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კი გადამზადებული ექსპერტების "კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის" პროცესში ჩართვა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.