ირანის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის გამო საქართველოში არ ჩამოვიდნენ

საქართველო ირანელებისთვის საყვარელი ტურისტული მიმართულებაა, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Sputnik

საქართველო თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, H1N1 გრიპის გამო საქართველოში არ ჩამოვიდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით.

საქართველოში H1N1 გრიპი მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ქვეყნის საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. სწავლა გადაიდო თბილისის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელშიც.

გრიპი საქართველოში - ბოლო ინფორმაცია

საინფორმაციო სააგენტო IRNA წერს, რომ ირანის საგარეო უწყებამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამასთან დაკავშირებით სააგენტო სტატიაში ასევე მიუთითებს, რომ ვირუსის გამო საქართველოში სასწავლო პროცესი გადაიდო.

"საქართველო ბევრი ირანელისთვის საყვარელი ტურისტული მიმართულებაა", - წერს IRNA.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანას ირანის 291,1 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

ამჟამად გრიპის ვირუსის გართულების გამო სტაციონარში 660 ადამიანი მკურნალობს. მათგან 42 მძიმე მდგომარეობაშია, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებებში. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ გრიპით ასი ათას მოსახლეზე 253 პაციენტია დაავადებული.

საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.