ქართველი „მერილინ მონრო“ შესაძლოა საქართველოს სახელით „ევროვიზია 2019“-ზე წარდგეს

მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული „ევროვიზიის“ საგზურს მიიღებს
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 1950-იანების ლეგენდარული სექს-სიმბოლოს, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობისა და მომღერლის, მერილინ მონროს ქართველ ორეულს, მარიამ ციმინტიას სურს საქართველო „ევროვიზია 2019“-ზე წარმოადგინოს.

შემსრულებელმა მონაწილეობა მიიღო პირველი არხის მუსიკალურ მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგში, რომლის გამარჯვებული ჩვენს ქვეყანას ისრაელში სიმღერის რიგით 64-ე კონკურს „ევროვიზიაზე“ წარმოადგენს.

თავდაპირველად მარიამი გამოვიდა თეთრი ლამაზი კაბით და მოსასხამით და შეასრულა მონროს სიმღერა I Wanna Be Loved by You, რომელიც 1928 წელს მიუზიკლისთვის Good boy დაიწერა. ამ კომპოზიციის შესრულება ფილმში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ მერილინ მონროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა იყო.

ქართველი მერილინი ამაზე არ გაჩერდა და რაღაც მომენტში ნადვილ როკერად იქცა. მარიამმა თეთრი კაბა გაიხადა, რომლის ქვეშ ნადვილი როკ-აღკაზმულობა აღმოაჩნდა. ამ ამპლუაში მარიამმა ავსტრალიური როკ-ჯგუფ AC/DC-ის ჰიტი Highway to Hell შეასრულა.

მარიამის როგორც გარეგნობის, ისე ხმის მოულოდნელმა ტრანსფორმაციამ შოუს ჟიურის წევრები გააკვირვა.

„ეს იყო ძალიან სუფთა შესრულება. გაკვირვებული ვარ თქვენი ვოკალის ხარისხით, თქვენი სიცილით...“, - მიმართა მარიამს ჟიურის წევრმა სტეფანე მღებრიშვილმა.

ამიკო ჩოხარაძის უცნობი გატაცება, ქართველები „კვნ“-ზე და ატირებული თაყვანისმცემელი

ჟიურის ყველა წევრმა, პროდიუსერ ზაზა შენგელიას გარდა, მარიამს „კი“ უთხრა. მისი თქმით, ხუთი წლის წინ ერთ-ერთ მსგავს მუსიკალურ პროექტზე მან უკვე ურჩია მარიამს სერიოზული ყურადღება მიაქციოს ვოკალს და აქცენტი კაბარეებსა და მიუზიკლებზე გააკეთოს.

საბოლოო ჯამში ჟიურიმ ქართველი მერილინ მონრო პროექტის შემდეგ ტურში მაინც გადაიყვანა.

მარიამ ციმინტიამ უამბო ჟიურისა და მაყურებელს, რომ არის შოუ-ვუმენი, მიჰყავს ღონისძიებები და კორპორატივები. თავის შოუებსა და პერფორმანსებში მარიამი აკეთებს არამარტო მერილინ მონროს პაროდიას, არამედ ისეთი ვარსკვლავების, როგორიც არის ელვის პრესლი, ტინა ტერნერი და ასევე დეტექტიური ნუარ-რომანების მულტიპლიკაციური პერსონაჟი, ჯესიკა რებიტი.

ქართველი მომღერლის წარმატება რუსულ ტელეშოუში და რუსული ესტრადის „მეფის“ აღტაცება >>

კონკურს „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობის მიღება 16 წელს ზემოდ ასაკის შემსრულებლებსა და კოლექტივებს შეეძლოთ. ფინალში ჟიურის წევრები მაყურებლებთან ერთად აირჩევენ გამარჯვებულს, რომელიც პრიზის სახით „ევროვიზია-2019“-ის საგზურს მიიღებს.

პროექტის ჟიურის წევრები გახდნენ The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული ნათია თოდუა, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ხმის ჩამწერი სტუდია „ბრავო რეკორდის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია.

„ევროვიზია 2019“ ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გაიმართება, რადგან შარშანდელ კონკურსზე ლისაბონში სიმღერით Toy ისრაელის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა. მანამდე ისრაელი „ევროვიზიას“ 1979 და 1999 წლებში მასპინძლობდა. კონკურსის პირველი, მეორე ნახევარფინალები და ფინალი შესაბამისად 14, 16 და 28 მაისს გაიმართება.

„ევროვიზია 2018“-ზე საქართველოს ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao წარმოადგენდა, თუმცა ქართველმა მუსიკოსებმა კონკურსის ფინალში გასვლა ვერ მოხერხეს.