ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რატომ დადიან სტალინი და ლენინი დღემდე წითელ მოედანზე

საბჭოთა ეპოქაში, რასაკვირველია, აზრადაც ვერავინ გაივლებდა ლენინისა და სტალინის მიმართ მსგავსი უდიერი დამოკიდებულების გამომჟღავნებას.
Sputnik

ტურისტებს, რომლებიც საბჭოთა წარსულით არიან დაინტერესებული, მოსკოვში ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტი ელოდებათ. წითელ მოედანზე ისინი შეიძლება მოულოდნელად შეეჩეხონ ცოცხალ ლენინს, სტალინს, ზოგჯერ კი ორივეს ერთად.

რატომ დადიან სტალინი და ლენინი დღემდე წითელ მოედანზე

მავზოლეუმიდან დედაქალაქის მთავარ მოედანზე გამოსვლისას შეიძლება პირისპირ შეხვდეთ იმას, ვინც მავზოლეუმშია დასვენებული. ლენინის შორიახლოს სტალინი სეირნობს, იქვე დაინახავთ რუსეთის მეფეებს: ივანე მრისხანეს, პეტრე პირველს, ეკატერინე II-ს. ისინი სამახსოვრო ფოტოებით დაინტერესებულ ტურისტებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ.

ბელადები და მეფეები ცალ-ცალკე მუშაობენ

ლენინი და სტალინი - ყველა ორეულს შორის უდავოდ მთავარი გმირები არიან. ისინი აქ პირველები გამოჩნდნენ და ამიტომ პრივილეგირებული სამუშაო ადგილი აქვთ - დგანან ე.წ. „ნულოვან კილომეტრზე“ (ნიშნულთან ქვაფენილზე წითელი მოედნის გასასვლელთან). „მეფეთა ჯგუფი“ მანეჟის მოედანზე სეირნობს, ჟუკოვის ძეგლისა და ალექსანდრეს ბაღის ახლომახლო. როგორც „Russia Beyond“-ს (რუსეთი საზღვრებს მიღმა) ეკატერინე II-ის ორეულმა ანონიმურად გაუმხილა, ბელადები და მეფეები ცალ-ცალკე მუშაობენ და ერთმანეთს მაინცდამაინც არ წყალობენ. თუმცა, ამის მიზეზი არა კლასობრივი შეხედულებები, არამედ ტურისტების ყურადღების მისაზიდად ბანალური კონკურენციაა.

რატომ დადიან სტალინი და ლენინი დღემდე წითელ მოედანზე

სტალინი და ლენინი ტურისტებს უკან არ დაჰყვებიან. ისინი უბრალოდ დგანან და სამახსოვრო ფოტოს გადაღების მსურველებს ელოდებიან. მათი მომსახურება უფრო ძვირი ღირს („ეკატერინესთან“ ან „ივანე მრისხანესთან“ ფოტოს გადაღება 200 რუბლი ღირს, „სტალინთან“ კი - 300 რუბლიდან იწყება, თუმცა, საბოლოო ფასი ტურისტზეა დამოკიდებული). ფერად-ფერად თვალისმომჭრელ ფსევდოისტორიულ სამოსში გამოწყობილი მეფეები კი ბედის საჩუქარს არ ელოდებიან და ტურისტებს თავად სთავაზობენ ფოტოების გადაღებას.

თუმცა, ზაფხულში მსოფლიოს ფეხბურთის ჩემპიონატზე ორეულებმა ნიკოლსკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, იქ, სადაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი და ტურისტი იყრიდა თავს.

როგორ გაჩნდნენ ლენინი და სტალინი წითელ მოედანზე

საბჭოთა ეპოქაში, რასაკვირველია, აზრადაც ვერავინ გაივლებდა ლენინისა და სტალინის მიმართ მსგავსი უდიერი დამოკიდებულების გამომჟღავნებას. იმ მსახიობებსაც კი, რომელთაც თავის დროზე წილად ხვდათ საბჭოთა ფილმებში ლენინის როლის შესრულება, ნებართვა „ზემოდან“ უნდა მიეღოთ. გარდა ამისა, კერძო მეწარმეობაც ასევე წარმოუდგენელი რამ იყო. რა თქმა უნდა, მეფეების ორეულებსაც არავინ შეუშვებდა წითელ მოედანზე პირადი სარგებლის შოვნის მიზნით.

რატომ დადიან სტალინი და ლენინი დღემდე წითელ მოედანზე

თუმცა, როდესაც კომუნიზმი წარსულს ჩაბარდა, რუსეთის საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო: ერთნი კომუნიზმს მისტიროდნენ, მეორენი კი კაპიტალიზმზე ოცნებობდნენ. ყოფილი კომუნისტური კუმირების მიმართ ორივე ბანაკის წარმომადგენელთა არაჯანსაღმა ინტერესმა

(ერთნი აღმერთებდნენ მათ, მეორენი წყევლიდნენ), ასევე ტურისტების მეშვეობით ფულის შოვნის შესაძლებლობამ და ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ლენინის პირველ ორეულებს მანეჟის მოედანზე გასვლისკენ უბიძგა. უცხოელი ტურისტებისა და საბჭოთა წარსულისადმი მათი ინტერესის მატებამ დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ლენინის გარდა სხვა ისტორიული პიროვნებების ორეულებიც მიიზიდა.

სტალინის ერთ-ერთი ორეული ლატიფ ვალიევი ოდესღაც სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. იგი გამოკვეთილი ქართული აქცენტით საუბრობს და ძალიან დამაჯერებლად ასახიერებს თავის გმირს. ხასიათი ფიცხი აქვს. რამდენიმე წლის წინ თავის კოლეგას, იგორ გორბუნოვს, ლენინის ორეულს, პირდაპირ „სამუშაო ადგილზე“ ეჩხუბა. დაპირისპირების მიზეზი პროფესიული ხასიათის უთანხმოება გახდა. „სტალინი“ დაეჭვდა, რომ „ლენინი“ სხვა „სტალინთან“ თანამშრომლობდა. თუმცა, ისინი მალევე შერიგდნენ და ერთად მუშაობა გააგრძელეს.

რატომ დადიან სტალინი და ლენინი დღემდე წითელ მოედანზე

მოსკოვის ცენტრში კიდევ ხუთი „სტალინი“, რვა „ლენინი“ და „მეფეებისა და დედოფლების ურიცხვი რაოდენობა“ მუშაობს, განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობმა სერგეი სოლოვიოვმა, რომელიც ლენინს ასახიერებს. თავად სერგეი თავის მეგობარ არკადისთან ერთად ორეულების სავსებით ოფიციალურ თეატრში მუშაობს. ისინი ქალაქის ცენტრში დამატებითი შემოსავლის მისაღებად სამსახურისგან თავისუფალ დროს მიდიან. ამ მიზნით ინდ.მეწარმეც შექმნეს და გადასახადებსაც პატიოსნად იხდიან. როგორც კანონმორჩილ მსახიობებს, მათ რცხვენიათ იმ კოლეგების გამო, რომლებიც ტურისტებს აშკარად სძალავენ ფულს.

მეორე მსახიობი ალექსანდრ კარლიშევი ასევე ლენინის როლს ასრულებდა მანამ, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა. ჟურნალისტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ დედაქალაქში ტაშკენტიდან 1995 წელს ჩამოვიდა და საკმაოდ დიდხანს იდგა მავზოლეუმთან, რითაც აშინებდა შენობიდან გამოსულ უცხოელ ტურისტებს, რომელთაც ის წუთი იყო, ლენინის ნეშტი ენახათ.

ის, ალბათ, ერთადერთია ლენინის ორეულებს შორის, რომელიც მსოფლიო პროლეტარიატიზმის ბელადის იდეებს იზიარებდა. გამომუშავებული ფულის დიდ ნაწილს ობლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს ურიგებდა. როგორც ნამდვილი ლენინი, ის დღემდე მხარს უჭერს სოციალურ სამართლიანობას და საკუთარი სახლიც კი არ გააჩნია - ჰოსტელში ცხოვრობს.