საქართველოში H1N1 მძვინვარებს: „ტამიფლუს" მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ

საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს უფასოდ აფთიაქებსა და საავადმყოფოებში მიიღებენ
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით 12 იანვრიდან ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს" ექიმის დანიშნულების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა.

ბათუმში 63 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

მანამდე პრეპარატ „ტამიფლუს" უფასოდ იღებდნენ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები: ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ამიერიდან, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, მედიკამენტის მიღება შესაძლებელი იქნება უკვე საავადმყოფოში ექიმისგან. ამასთან, სამინისტრო აფთიაქებიდან არაკომერციულ ფასში გამოისყიდის პრეპარატის დარჩენილ მარაგს - 300 ათას კოლოფს. აფთიაქებში მოქალაქეებზე „ტამიფლუს" უფასოდ გაცემა რეცეპტის ან ფორმა N100-ის საფუძველზე მოხდება.

10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა ჰოსპიტალიზების რაოდენობა გაიზარდა - დაახლოებით 845 ადამიანი. ლაბორატორიულმა კვლევამ 158 შემთხვევაში „ღორის გრიპი" დაადასტურა.

ქვეყანაში ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს პირველი სიმპტომებისთანავე მიმართონ ექიმს. დღეისათვის 100 ათას მოსახლეზე გრიპისმაგვარი ვირუსით 256 ადამიანია დავადებული. ეპიდემიად კი მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 400-450 დაავადებულს აღწევს.