თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული საქართველოს მოქალაქე საბაჟო-გამშვები პუნქტი „ქუთაისის აეროპორტის" გავლით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების არალეგალურად შემოტანას ცდილობდა.
მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟეებმა 55 გრამზე მეტი ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ბრილიანტის თვლებით) ამოიღეს, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 16 ათას ლარს აღემატება.
„აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული", -აღნიშნულია განცხადებაში.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.