ხაზარაძის ბანკი დაახლოებით 17 მილიონი დოლარის „გათეთრებაშია" ეჭვმიტანილი

„თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობას ბრალად ედება „ფულის გათეთრება" 2008 წელს კომპანიების „სამგორი М" და „სამგორი თრეიდის" მეშვეობით.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – „თიბისი ბანკის" საქმიანობას სწავლობს შესაძლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, განაცხადა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკის" დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. პროკურატურაში საქმის დეტალებზე სამშაბათს არ უსაუბრიათ. იმავე დღეს მასმედიაში განაცხადეს, რომ საუბარია 2008 წელს „ფულის გათეთრების“ საკითხზე. „თიბისი ბანკმა" ამას ბანკის რეპუტაციის შელახვისკენ მიმართული სიცრუე უწოდა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა "თიბისი ბანკისგან" სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ (ბანკის დამფუძნებლებმა – რედ.) ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა" საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს", – განაცხადა ჩიქობავამ.

ამხილეს თუ არა „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელი ფულის გათეთრებაში – ბანკი სიცრუეზე საუბრობს

მისი თქმით, 2008 წლის ბოლოს „თიბისი ბანკმა" უსაფუძვლოდ, ნაადრევად ჩამოწერა ეს ვალი, ხოლო 2012 წელს საერთო გაათავისუფლა კომპანიები „სამგორი М" და „სამგორი თრეიდი" ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

ამასთან, არც „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელს მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ დაუფარავთ ზემოაღნიშნული კომპანიების ვალი.

ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ასევე აღნიშნული კომპანიების მფლობელი ავთანდილ წერეთელი. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდა 2018 წლის მაისში პროკურატურაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.