მკვლელი გრიპი თუ გულგრილობა: გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, გოგონა ინფექციური დაავადებით (წითელა) და პნევმონიით ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში ცხრა თვის გოგონა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ სოფელ ბერბუკში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ბებია უვლიდა, რადგან ბავშვის დედა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში" ვირუსის გართულებული ფორმით მკურნალობის კურსს გადიოდა. ის სტაციონარიდან გუშინ, შვილის გარდაცვალების შემდეგ გაწერეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

საქართველოში გრიპის ვირუსის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, გოგონა ინფექციური დაავადებით (წითელა) და პნევმონიით ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი 30 დეკემბერს ინფექციური საავადმყოფოდან ხელწერილის საფუძველზე, მკურნალობის დასრულებამდე წაიყვანეს.

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარდაცვლილი ბავშვის მშობლებმა ცხედრის გაკვეთა გააპროტესტეს, რასაც პროზექტურაში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში" აცხადებენ, ბავშვი დედამ კლინიკაში 31დეკემბერს ტემპერატურული რეაქციით მიიყვანა. ანამნეზის შესწავლის შემდეგ ბავშვს შესაბამისი დახმარება გაეწია. შეთავაზების მიუხედავად, ოჯახმა ბავშვის სტაციონარში დატოვებაზე უარი განაცხადა. მიზეზად კი დედის ავადმყოფობა და სხვა მცირეწლოვანი ბავშვების მეთვალყურეობის აუცილებლობა დაასახელა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.