ტყუპი ძმები ტყუპი ქალიშვილებით – ოჯახი, რომელმაც ინტერნეტში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა

ალბათ ბევრ თქვენგანს უოცნებია ტყუპისცალი და ან ძმა ჰყოლოდა, მათ შორის ხომ სულ სხვა კავშირი, ენერგია და ძალაა. მის მაგივრად წახვიდოდით გამოცდაზე, გასაუბრებაზე, ან, სულაც, პაემანზე. ან ეს ყველაფერი პირიქით მოხდებოდა, მერე კი ბევრს იცინებდით ამაზე...
Sputnik

სწორედ ასე ხდება ტყუპი ძმების გელა და გიორგი გოჩიტაშვილების ცხოვრებაში. პაემანის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად წერდნენ ერთმანეთის დავალებებს, უნივერსიტეტში აბარებდნენ გამოცდებს. სერიალ „ქერჩში" გიორგი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, ერთ დღეს შეუძლოდ გახდა და გელას მის ნაცვლად მოუწია გადაღებაზე წასვლა. დაახლოებით 6-7 სცენა ისე ითამაშა, რეჟისორი არ იჯერებდა, რომ გიორგი არ იყო. ტყუპებს კიდევ ჰყავთ უმცროსი ძმა – მიშო.

ტყუპი ძმები ტყუპი ქალიშვილებით – ოჯახი, რომელმაც ინტერნეტში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ნიშნავს გყავდეს ტყუპისცალი. რომც ვეცადო, არა მგონია, სხვა ტყუპის გარდა ვინმემ გამიგოს... ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საკმაოდ ჭკვიანი და წყნარი ბავშვები ვიყავით. ჩვენი გარჩევა ზოგს დღემდე უჭირს. წარმოიდგინეთ, ბავშვობაში დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა ერთნაირად გვცმოდა, ერთნაირი თმის ვარცხნილობა გვქონოდა და ეს ყველაფერი ჩვენ ირგვლივ მყოფთ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა“, – ამბობს გელა.

ტყუპი ძმები ტყუპი ქალიშვილებით – ოჯახი, რომელმაც ინტერნეტში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა

გელას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, თუმცა უკვე წლებია ტყუპი ძმები ბიზნესით არიან დაკავებული.

„გიორგიც ბიზნესში მოღვაწეობს ჩემთან ერთად, განათლებაც ამ კუთხით აქვს მიღებული. უყვარს მუსიკა, გიტარა. ზოგადად სიმღერა მის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ძალიან ბევრი ჰობი გვაქვს, ასე რომ გავყვეთ, მთელი დღე ვერ მოვრჩები ამაზე საუბარს“, – ამბობს გელა.

ძმებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები აქვს. იტაცებთ ექსტრიმი. გელა წლების განმავლობაში ავტომრბოლელი იყო, უამრავ შეჯიბრზე და ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას. ასევე ძმების სისუსტეს წარმოადგენს მოტოციკლი. ისინი ყოველ ზაფხულს შეძლებისდაგვარად ცდილობენ, რაღაც პერიოდი გამოყონ ამ საქმიანობისთვის.

გიორგი დასაოჯახებელია, გელას ულამაზესი მეუღლე ელენა კი მოდელი გახლავთ. წყვილს ასევე ტყუპი ქალიშვილები ჰყავს.

„ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ვიპოვე არაჩვეულებრივი ადამიანი, ვინც დამანახა და მაჩვენა, რას ნიშნავს სიყვარული, ოჯახი და ბედნიერება... ამ ყველაფერთან ერთად ისეთი საჩუქარი გამიკეთა ქორწინებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, რომ ვეღარაფერს ვიტყვი... იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვარ ჩართული ჩემი ტყუპების გაზრდაში, მივხვდი, რამხელა წვალება და ჯაფა აქვთ ჩადებული ჩემ მშობლებს ჩემი და გიოს გაზრდაში... ეს ყველაფერი ახლა დავაფასე“, – ამბობს გელა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც გელა ტყუპისცალ ძმასთან და ქალიშვილებთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ოჯახმა ინტერნეტ-პოპულარობა მალევე მოიპოვა. 

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ ამხელა აჟიოტაჟი ატყდებოდა. ეს ფოტო ჩემმა მეუღლემ გადაიღო, რასაც დადებისთანავე  ფეისბუქ-გვერდზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, – ამბობს გელა.

ტყუპ ძმებს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ, აპირებენ ბიზნესის გაფართოებას, რისთვის ძალას და ენერგიას არ იშურებენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ მათ.